ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიგანი თბილისს მოუწოდებს, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი

რობინ დანიგანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა. ეხმაურება რა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის დაწინაურებას საქართველოს პარლამენტში, დანიგანი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია.

ერთი დღით ადრე, პირველ მაისს, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი შეცვლილი სახელით „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მეორე მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა.

უცვლელად გთავაზობთ რობინ დანიგანის განცხადების სრულ ტექსტს.

"მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს".

29 აპრილს, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა მხარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას. მანამდე, ის საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. მეორე მოსმენით კი კანონპროექტი პირველ მაისს დამტკიცდა, იმის მიუხედავად, რომ თბილისის ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გრძელდება.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონპროექტი“ ჩაეგდო და პირობა დაედო, რომ მას აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონპროექტი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად უცხოეთიდან ფინანსდება. კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტის დამტკიცება უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG