ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა თავი მიიჯაჭვოს რუსეთის იმპერიის გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა


ვაშინგტონში გრძელდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვა. საქართველოს ამერიკელი მეგობრები, ამერიკელი სენატორები, თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აფრთხილებენ საქართველოს მთავრობას, რომ ე.წ "აგენტების კანონის" მიღება ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლასა და ქვეყნის დასავლური არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.

თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს იმ მეგობართა შორისაა, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ თავის დასავლელ პარტნიორებს უნდა მოუსმინოს, ამერიკელი სენატორების გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოს და საკუთარ ხალხს დაუჯეროს.

ე.წ "აგენტების კანონზე" ბენ ჰოჯესი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს, მარიამ უგრეხელიძეს ესაუბრა.

გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სანამ დეტალების განხილვაზე გადავალთ, გვითხარით რას ფიქრობთ ამ ე.წ უცხოეთის აგენტების კანონპროექტზე?

კიდევ ერთხელ გადავიკითხე 14 სენატორის წერილი, რომლებიც თავიანთ შეშფოთებას გამოთქვამენ. მიხარია, რომ ეს გააკეთეს და რომ ის ორპარტიულია.

საქართველოს მთავრობამ ეს კანონი ერთი წლის შემდეგ დააბრუნა, რისი გაწვევაც [შარშან] პროტესტების გამო მოუხდათ. თავად ის ფაქტი, რომ მათ [კანონი] დააბრუნეს და ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს, იმაზე მიანიშნებს, რამდენად არ სცემენ პატივს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. ეს ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპა და ამერიკა ამ კანონმდებლობის სამიზნეები ხდებიან და მე მასში ქართველი ხალხისთვის ვერაფერ კარგს ვერ ვხედავ.

თქვენ ამერიკელი სენატორების წერილი ახსენეთ. ეს წერილი საკმაოდ მკაცრი იყო, ალბათ ყველაზე მკაცრი, რაც ბოლო პერიოდში ამერიკელ კანონმდებლებს საქართველოს მთავრობისადმი გაუგზავნიათ. წერილში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ამან შესაძლოა საქართველოსადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილება, მათ შორის პირდაპირ დაფინანსებაში ცვლილებები გამოიწვიოს. ალბათ, ამაში სამხედრო დაფინანსებაც შეიძლება იგულისხმებოდეს. აგვისხენით, პოლიტიკისა და პირდაპირი დაფინანსების ცვლილებამ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს სამხედრო სექტორსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე?

მიზეზი იმისა, რატომ დგამენ ამერიკა და ევროკავშირი ასეთ ძლიერ ნაბიჯებს ისაა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ქართველი ხალხის და მათი დასავლური ინტეგრაციის გამო.  

რა თქმა უნდა, ამერიკამ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩადო, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ პროგრამებში, რათა ქართველი ხალხის დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილისთვის მხარი დაეჭირა. ეს ძალიან დიდი ხნის ძალისხმევაა, რომელსაც ჩვენ ვწევდით. იგივე ითქმის, საქართველოს ჯარის დახმარებაზე, რათა მიგვეწოდებინა ყველაფერი, რაც მას ძალიან რთულ სამეზობლოში თავის დასაცავად სჭირდებოდა.

თქვენ მართალი ხართ, ეს წერილი ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი, მკაცრი განცხადებაა ამერიკის მხრიდან საკმაო ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბევრი რამე შეიძლება, გაუქმდეს, შემცირდეს ან დაიბლოკოს იქამდე, ვიდრე სენატი არ დარწმუნდება, რომ საქართველო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს [ამერიკის] სტრატეგიულ ინტერესებს და ასევე ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის ინტერესებს.

გარანტირებული არაა, რომ ამერიკა ყოველთვის მიაწვდის მაგალითად, საქართველოს ჯარს პირდაპირ დაფინანსებას. არ მგონია, რომ ქართველებს სურდეთ უკან, იმ დროში დაბრუნება, როდესაც ისინი დაფინანსებისთვის, სრულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. ასე რომ ეს [განცხადება] რეალურია და ის ფუჭი სიტყვები არაა.

მართალია, რომ ამერიკა საქართველოს ჯარისთვის, სამხედრო მიმართულებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია?

დარწმუნებული ვარ, ასეა. ზუსტი რიცხვები თან არ მაქვს, მაგრამ ყველა იმ წლების განმავლობაში, რაც საქართველოს სამხედროებთან ერთად გამიკეთებია, არ მინახავს სხვა ქვეყნების მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის შესაძლებლობების საქართველოსთვის გადაცემა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები იყვნენ, მაგრამ არ მახსოვს რაიმე დიდი მოცულობის დახმარება.

თუ ამერიკა გადაწყვეტს, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ის, რასაც [საქართველოს ჯარს] აწვდის, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. არ მგონია, რომ ეს მოხდება, რადგან ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველოს თავის დაცვის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი საქართველოს მთავრობის ხელშია.

მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოს 20% კი კვლავ ოკუპირებულია და მას რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამ კანონის მიღება, რომელსაც ბევრი ქართველი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი რუსულ კანონს უწოდებს, რა ტიპის უსაფრთხოების გამოწვევებს უქმნის, როგორც თქვენ უწოდეთ, "რთულ სამეზობლოში" მყოფ საქართველოს?

პირველ რიგში, არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ შეხედეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას.

ბევრი რამე შეიძლება, გაუქმდეს, შემცირდეს ან დაიბლოკოს იქამდე, ვიდრე სენატი არ დარწმუნდება, რომ საქართველო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს [ამერიკის] სტრატეგიულ ინტერესებს და ასევე ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის ინტერესებს.  

საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ჰყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა.

გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს - მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება.

ასე რომ საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა.

საქართველოს მთავრობას "ჰელსინკის კომისიისა" და სენატორების წერილზე, საკმაოდ საინტერესო პასუხი ჰქონდა. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, ოღონდ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, პირდაპირი ფრენები და ა.შ სხვებმა ამ წერილს "სამწუხარო" უწოდეს და თქვეს, რომ სენატორებს უნდა აუხსნან ის, თუ სინამდვილეში ეს წერილი რას ეხება. რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის ამ განცხადებებზე, რა მესიჯს აგზავნის ის კონგრესსა და თეთრ სახლში?

ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასიათასობით ქუჩაში გამოსულ ქართველს უნდა აუხსნას, რას ეხება ეს კანონი. ეს სენატორების მიერ კანონის ვერ გაგებას არ ეხება. ქუჩაში უზარმაზარ დემონსტრაციებს ვხედავთ ყოველ ღამეს თბილისსა და სხვა ქალაქებში, რადგან ქართველებს ესმით, რას ეხება ეს კანონი, რომ ეს მათ მომავალს, მათი გამოხატვის [უფლებას] ზღუდავს, რომ ეს არის პირდაპირი თავდახმა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებაზე. ეს სენატორების მიერ რაიმეს ვერ გაგებას არ ეხება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობა არ გააკრიტიკა ამ კანონისთვის, რუსეთია. ეს შეიძლება რიტორიკულ კითხვაც იყოს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მესიჯს უგზავნის კრემლს ის, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის არცერთ ევროპელ, ამერიკელ, თუ სხვა დასავლელ პარტნიორს და მაინც ცდილობს, რომ მიიღოს კანონი, რომლითაც მხოლოდ კრემლია მოხარული?

ეს ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპა და ამერიკა ამ კანონმდებლობის სამიზნეები ხდებიან და მე მასში ქართველი ხალხისთვის ვერაფერ კარგს ვერ ვხედავ 

ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერ მესიჯს უგზავნის დემონსტრანტებს საქართველოში - რომ ისინი სწორ გზას ადგანან. ესაა კანონი, რომელსაც მხოლოდ კრემლი უჭერს მხარს და ეს ყველაფერს ამბობს იმაზე, ვის აქვს სარგებელი. ასე რომ მესიჯი ქართველებისთვის, ვფიქრობ, ხმამაღალი და ნათელია.

რაც შეეხება კრემლს, მგონია, რომ კრემლი გააგრძელებს მცდელობებს, თუმცა კრემლის იზოლაცია [დანარჩენი] სამყაროსგან, რუსეთის იმპერიის დაცემის კიდევ ერთი მაგალითია. არავის, აბსოლუტურად არავის, არ სჯერა იმის, რაც ლავროვის, პუტინის, მედვედევის, ან რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლების პირიდან ამოდის. მათი აღარავის სჯერა და ნული სანდოობა აქვთ. რატომ უნდა სურდეს საქართველოს ასეთ ვინმესთან ურთიეთობის გამყარება, რთული გასაგებია.

ჩვენ ამერიკელი სენატორების განცხადებაზე ვისაუბრეთ, იმაზე, რომ კანონმა შეიძლება ამერიკის საქართველოსადმი პოლიტიკის ცვლილება გამოიწვოს. ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის მიღება პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს. ნება მომეცით, ერთგვარად ეშმაკის ადვოკატის როლი შევასრულო და გკითხოთ: თუ ქართველ ხალხს არ სურს ეს კანონი, თუ ისინი მუდმივად აპროტესტებენ მას და ქუჩებში გამოდიან, მაშინ ხომ არ ნიშნავს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ასეთი განცხადებები იმას, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ, გარკვეულწილად მარტოს ტოვებენ ქართველ ხალხს?

პირიქით ვიტყოდი, ეს ქართველი ხალხის მიტოვების საპირისპიროა. მიზეზი იმისა, რატომ დგამენ ამერიკა და ევროკავშირი ასეთ ძლიერ ნაბიჯებს ისაა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ქართველი ხალხის და მათი დასავლური ინტეგრაციის გამო.

მე ვფიქრობ ეს წერილი იყო მტკიცე და ნათელი იმაზე, თუ რა [ქმედებებს] არ მივიღებთ [საქართველოს მთავრობისგან]. რატომ გააგრძელებენ ამერიკა და სხვა ქვეყნები იმის კეთებას, რაც საქართველოს მთავრობისთვის დახმარებად აღიქმება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ნათლად აკეთებს იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არაა?

ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ეს მიტოვების საპირისპიროა. ესაა ქართველი ხალხის დახმარება, რათა მათ თავიანთი საწადელის აღასრულონ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG