ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა დამატებით, მათ შორის ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, ასობით სანქცია დააწესა


ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოსცა ასობით ახალი სანქცია, რომლის სამიზნეც, უკრაინაში ომის გამო, რუსეთია. სანქციები კონკრეტულად ითვალისწინებს მოსკოვის მიერ დასავლური ზომებისთვის გვერდის ავლას, მათ შორის ჩინეთის მეშვეობით.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები თითქმის 200 სამიზნეს დაუწესა, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი სანქციების სამიზნედ 80-ზე მეტი სუბიექტი გამოაცხადა. ეს ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ქმედებაა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რაც რუსეთის მიმართ ვაშინგტონის სანქციების ფარგლებში მოხდა.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჩინეთში და ჰონგ-კონგში ბაზირებულ 20 კომპანიას დაუწესა. ეს მოჰყვა ვაშინგტონის მხრიდან, მათ შორის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენის და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ქვეყანაში ვიზიტების დროს გაჟღერებულ მრავალგზის გაფრთხილებებს, რომ ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარებოდა.

ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერა ერთ-ერთია იმ ბევრ საკითხს შორის, რომელიც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ბოლო დროს გაუმჯობესებულ ურთიერთობას გაფუჭებით ემუქრება.

„ხაზინის დეპარტამენტი მუდმივად აფრთხილებდა, რომ რუსული ომის მხარდაჭერისთვის კომპანიები მნიშვნელოვანი შედეგების წინაშე აღმოჩნდებოდნენ და დღეს შეერთებული შტატები სანქციებს თითქმის 300 სამიზნეს უწესებს“, თქვა იელენმა თავის განცხადებაში.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუცია.

ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ მთავრობა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კამომების და რეგულაციების შესაბამისად ზედამხედველობს. მან იქვე დაამატა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ჩვეულებრივი ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების და საბაზრო პრინციპების შესაბამისად ხდება.

„ჩინური მხარე შეერთებული შტატების ერთპიროვნულ უკანონო სანქციებს მტკიცედ ეწინააღმდეგება“, განაცხადა ჩინეთის საელჩოს პრესმდივანმა.

აშშ-ის ხაზინის ოთხშაბათს დაწესებული სანქციების თითქმის 60 სამიზნე ობიექტი განლაგებულია აზერბაიჯანში, ბელგიაში, ჩინეთში, რუსეთში, თურქეთში, გაერთიანებულ არაბულ საამიროებში და სლოვაკეთში.

XS
SM
MD
LG